"გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, უფრო განვითარდეს მუნიციპალური ტრანსპორტი, ამაში კი ევროკავშირი დაგვეხმარება" - ამის შესახებ ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა, "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლაივ - ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, ასევე იგეგმება ახალი სვლაგეზების შექმნა, რადგან არსებული მარშრუტები ქალაქის მოსახლეობის გაზრდილ მოთხოვნებს ვერ პასუხობს. "ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს დამატებითი ავტობუსების შეძენა, უფრო სწორად, მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა. ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მოწონებული გვაქვს საპროექტო იდეა სატრანსპორტო ტაბლოების შეძენასთან და, ამავდროულად, ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენაზე. ასევე ვიგეგმებით, რომ 2022 წლისთვის შევქმნათ ახალი სვლაგეზები, რადგანაც არსებული კარგა ხანია მოძველებულია და ვერ პასუხობს მოთხოვნებს. ამდენად, ახალი სვლაგეზებიდან გამომდინარე, განვსაზღვრავთ საჭირო იქნება მცირე ზომის ავტობუსები, დიდი ავტობუსები თუ მიკროავტობუსები. რადგან, ქალაქის რელიეფიდან გამომდინარე, ზოგან მცირე ზომის ავტობუსებიც ვერ ახერხებს მისვლას. ამიტომ ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება ახალი სვლაგეზების შემუშავების შემდეგ. გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, კიდევ უფრო განვითარდეს მუნიციპალური ტრანსპორტი, ამაში კი ევროკავშირი დაგვეხმარება." - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.