დღეს “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” (ყოფილი EMC) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა, რომლითაც ასაჩივრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სოფელ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილების უკანონოდ და დაუსაბუთებლად შეზღუდვას.
სარჩელით, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ნამოხვანისკენ მიმავალ გზებზე ჩაყენებული პოლიციის ადგილიდან გაყვანას და მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას ითხოვს.
3 აპრილიდან რიონის ხეობაში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განმარტებული არ ყოფილა, თუ რა კონკრეტული საფრთხის პრევენციას ისახავდა მიზნად საპოლიციო ღონისძიებები.
პოლიციამ ამ დრომდე ვერ აჩვენა, რომ ადგილზე არსებობდა მყისიერი და კონკრეტული საფრთხე, რომლის მოსალოდნელობა დასაბუთებული იქნებოდა ობიექტური ინფორმაციითა და გარემოებებით.