მალე 40 წლის გავხდები.ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ქალი, დედა, მეუღლე, ადამიანი ვარ, არც ცნობილი, არც მდიდარი, არც ისე წარმატებული. თუმცა, გენდერული დეზინფორმაციის ერთ-ერთი ,,სახე,, -სექსისტური ენის გამოყენება და სტერეოტიპული მიდგომა მეც შემეხო.მაშინ უბრალოდ მეწყინა და გავჩუმდი.დღეს ვბრაზობ და ვხვდები, რომ პასუხი უნდა გამეცა, ჩემს და სხვის გამოც.
ამბავი პირველი
ამბავი პირველი დაიწყო ასე - ,,შენ გეცოდინება კლინიკა, სადაც მარტო უშვილოებს მკურნალობენ,,-მეკითხება არა მეგობარი, არა ნათესავი,უბრალოდ ნაცნობი, რომლის ვინაობაც მნიშვნელოვანი არ არის.რატომ გადაწყვიტა, რომ ის კლინიკა ვიცი, სადაც ,,უშვილოები,, დადიან?იმიტომ რომ, მე ვიყავი მისთვის ,,უშვილო,, მე, რომელიც მეორე თვესვე არ დავორსულდი,მე , რომელსაც სამი წელი არ მყავდა ბავშვი. პასუხი ალბათ გაინტერესებთ -..არა, არ ვიცი, რას გულისხმობ,,.... და ვაგრძელებ, თუმცა ეს გაგრძელება და პასუხი იყო ჩემი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციული .
მე, როგორც წესი, არ ვტირი, ან ძალიან იშვიათად, თუმცა ჩემმა ნერვულმა სისტემამ ამჯერად ვეღარ გაუძლო და მე ჩუმად ვიტირე. მას შეიძლება არც უფიქრია, რამხელა ტკივილი მომაყენა, როცა დარწმუნებული იყო, უნდა მცოდნოდა, სად დადიან ,,უშვილოები,,...
ამბავი მეორე
- ,,ჩემებსაც არ ყავთ ჯერ, მაგრამ ისინი ახალგაზრდები არიან , შენ კი უკვე ასაკი გაქვს, უნდა იჩქარო და კი უნდა ნერვიულობდე უშვილობას,,. როცა ეს სიტყვები მითხრეს, დაახლოებით 29-30 წლის ვარ, ადგილობრივ ტელეკომპანიაში საინფორმაციო პროგრამას ვხელმძღვანელობ, მაგრამ ჩემს პროფესიონალიზმს, საქმეს , განათლებას, მათთვის ფასი არ აქვს, რადგან მე ,,უშვილო,, ვარ...
-,,ჩვენ იქნებ სალომეს ტყუილად ვაბრალებთ,,-ჩემზე საუბარი გრძელდება. ანუ, ჩემზე სხვაგანაც, სხვა დროსაც, სხვასთანაც ლაპარაკობენ! ამ ყველაფერს მოგვიანებით ვიაზრებ, როცა რაღაც დრო გადის, ვიაზრებ, რომ მეც გენდერული დეზინფორმაციის მსხვერპლი ვარ.
რა მოვიმოქმედე მაშინ ,ამ ცალმხრივი დიალოგის დროს? ისევ არაფერი.ისევ ჩემთვის ვიტირე... და გავჩუმდი. გავჩუმდი მე, რომელსაც, ვფიქრობდი, რომ თავის დაცვა შეუძლია, პასუხის გაცემა შეუძლია...
ვაპატიე და დავივიწყე ? ვერ! რამდენჯერაც გამახსენდება, იმდენჯერ მტკივა. ისევ...
ახლა 39 წლის ვარ, ორი შვილი მყავს, სიტყვა ,,უშვილოს,, ჩემი მისამართით აღარ ამბობენ, მაგრამ დაიწყო ახალი ,,რჩევები,,-გავაჩინო მესამე, მეოთხე და ა.შ, ანუ გავაჩინო გოგო.გოგო თურმე დედისაა.(ვისია ბიჭი?)
სახალხოდ რატომ დავწერე? იმიტომ რომ, მინდა იცოდნენ, რამხელა ტკივილს აყენებენ ქალს , როდესაც ეხებიან საკითხს, რომელიც მსუბუქად ვამბობ, მათი საქმე არ არის.როცა ,,უშვილოს,, იარლიყს აკრავენ, როცა პირადს განიხილავენ , როცა გრძნობებზე თამაშობენ. შეიძლება გაუაზრებლად, მაგრამ მაინც.
რას ვიზამდი ახლა? არ ვიცი.თემა ამ დრომდე მგრძნობიარეა ჩემთვის, ამიტომ გულწრფელად, არ ვიცი ისევ ვიტირებდი ჩუმად, თუ პასუხს გავცემდი.
რჩევა? არ მოითმინოთ, არ ,,გადაყლაპოთ,, სათქმელი თქვით, თავი , თქვენი უფლებები დაიცავით! თავი ასწიეთ, თქვენ ქალი ხართ, თქვენ არ ხართ მხოლოდ ინკუბატორი, თქვენ ქალი ხართ!!!
ბოლოს ისიც უნდა დავწერო, რომ ჩემს ორივე ამბავში, მთავარი მოქმედი პირები ქალები არიან.
2020 წელს, ,,საფარმა,, და ,,მედიის განვითარების ფონდმა,, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით კვლევა ჩაატარა. მათ 112 ფეისბუქ პროფილის შესწავლის საფუძველზე სექსისტური სიძულვილის ენის ქართული ინდიკატორები გამოკვეთეს.ერთ-ერთი სწორედ ის არის, რომლის ,,მსხვერპლიც,, მე გავხდი-საყვედური ოჯახსა და დედობაზე.
ბლოგის ავტორი სალომე ჩუბინიძე
ფოტო ინტერნეტიდან